ჩვენი გუნდი
დავით კვაჭანტირაძე
დავით კვაჭანტირაძე - პარტნიორი
დავითი VBAT-ის გუნდის წევრია მისი დაფუძნების დღიდან. 2005 წლიდან, იგი არის კომპანიის პარტნიორი. დავითის ხელმძღვანელობით ხორციელდება VBAT-ის პრაქტიკა სისხლის სამართალში. იგი უწევს კონსულტაციებსა და სამართლებრივ მომსახურებას ფიზიკურ პირებსა თუ სხვადასხვა კერძო კომპანიებს, მათ შორის, საბანკო დაწესებულებებს. მომსახურება მოიცავს სამართლებრივი დასკვნებისა და მოსაზრებების მომზადებას, კლიენტის ინტერესების წარმოდგენას პოლიციის, პროკურატურის, სხვა სამართალდამცავი ორგანოებისა და სასამართლოს წინაშე. დავითის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული.
დავითმა 1999 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იმავე წლიდან მან დაიწყო აქტიური პროფესიული საქმიანობა. 2000-2001 წლებში, იგი მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოში სასამართლო სხდომის მდივანად. 2001 წლიდან, დავითი შეურთდა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრს“ (CPCR) და, როგორც ადვოკატი, ჩართული იყო CPCR-ის მიერ განხორციელებულ პროექტებში. ასევე, იგი გახდა CPCR-ის პენიტენციური სისტემის რეფორმირების ხელშეწყობის ჯგუფის ხელმძღვანელი და პროექტის „პენიტენციური რეფორმის ხელშეწყობა“ დირექტორი. დავითი მონაწილეობდა პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგისა და თანამშრომელთა ტრენინგების პროგრამებში.
2010 წლიდან, დავითი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებისთვის სხვადასხვა ტრენინგ-მოდულებისა და სახელმძღვანელოების შემუშავებაში. იგი ასევე სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ევროსაბჭო, ევროკავშირი, ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში) სერტიფიცირებული ტრენერია პროფესიული ეთიკის, სისხლის სამართლის პროცესის, სასამართლო უნარ-ჩვევების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის, სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებისა და სამართლებრივი მართლწერის საკითხებში.
2015 წელს, დავითის თანაავტორობით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით, გამოიცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები, რომელიც სამაგიდო წიგნად იქცა მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატებისათვის.
2012-2013 წლებში, დავითი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და, ამავე პერიოდიდან, იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი საადვოკატო ეთიკის საკითხებზე. დავითი არის ერთ-ერთი თანაავტორი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გამოცემისა - „ეთიკის კომისიის საქმიანობა, პრეცედენტები, რეკომენდაციები (2010-2013).“
დავითი არის საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის სისხლის სამართლის ჯგუფის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობითა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, 2015-2019 წლებში, სიფა-ს მიერ განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების მომზადებას და საკანონმდებლო თუ სასამართლო პრაქტიკის ხარვეზების გამოსწორებას.
2015 წლიდან, დავითი არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. იგი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია სისხლის სამართალში.
E-mail: kvachantiradze@vbat.ge